Sunday, August 3, 2014

IV კლასი ქართული ენა და ლიტერატურა სტანდარტი

IV კლასი

ქართულ ენა და ლიტერატურ

სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები

მიმართულება:
ზეპირმეტყველება
კითხვა
წერა
ქართ. IV. 1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი შინაარსი.

ქართ. IV. 2. მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებუ-ლება მხატვრული ნაწარმოების მიმართ.

ქართ. IV. 3. მოსწავლეს შეუძლია მიუსადაგოს სამეტყველო ქცევა დასა-ხულ საკომუნიკაციო ამოცანას.

ქართ. IV. 4. მოსწავლეს  შეუძლია შესაბამისი ენობრივ-გრამატიკულ საშუალებების გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.



ქართ. IV. 5. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობი თემების შემცველი სხვადა-სხვა სახის  არამხატვრული ტექსტების (რეკლამის, სა-ყმაწვილო ჟურნალის გან-ცხადების, საყმაწვილო ენციკლოპედიის სტატიისა და სხვ.)  წაკითხვა და გაგება.

ქართ. IV. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თე-მაზე შექმნილი მხატვრული ტექსტების დამოუკიდე-ბლად წაკითხვა.

ქართ. IV. 7. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული და არამხატვრული ტექსტების ძირითადი ენობრივ-გრამატიკულ ნიშნების ამოცნობა.

ქართ. IV. 8. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი დამო-კიდებულების გამოხატვა წაკითხული ტექსტის (მხატვრულის / არამხა-ტვრულის) მიმართ; ავლენს ესთეტიკური და ეთიკური შეფასების სურვილს.

ქარ. IV. 9.   მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის  მიზნობრივი ტექსტების  სათანადოდ გაფორმება და ტექსტის არავებალური ნაწილების ამოცნობა; ავლენს ტექსტის არავერბალური ინტერპრეტაციის უნარ.

ქართ. IV. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად.
ქართ. IV. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ტექსტების შეთხზვა.

ქართ. IV. 12. მოსწავლეს შეუძლია შესწავლილი ტექსტის შინაარსის დაწერა; ავლენს თვითგამოხატვის სურვილ.

ქართ. IV. 13. მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული და ორთოგრაფიული თვალსაზრისით სწორი ფორმების გამოყენება წინადადების აგებისას და პუნქტუაციის ძირითადი  წესების დაცვა.

ქართ. IV. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის საწყისი სტრატეგიების გამოყენება.



წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები

მიმართულება: ზეპირმეტყველება

ქართ. IV. 1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი შინაარსი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს და განარჩევს ასაკის შესაბამისი სირთულის სასაუბრო ტექსტების სახეებს (აღწერას, თხრობას, კამათს, დიალოგს...);
·         შინაარსის გადმოცემისას ერთმანეთს ანაცვლებს თხრობასა და აღწერას;
·         განასხვავებს შინაური გარემოს სასაუბრო სტილსა და ოფიციალური გარემოს (მაგ., სასკოლო საქმიანი სიტუაციის) ენას და შესაბამისად იყენებს მათ;
·         განასხვავებს პირდაპირ და ირიბ ნათქვამს და დანიშნულებისამებრ იყენებს მათ;
·         თხრობისას იყენებს ავტორისეულ ლექსიკას;
·         მიჰყვება მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტურ ხაზს და თანამიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს;
·         გადმოსცემს არამხატვრული ტექსტის შინაარსს.


ქართ. IV. 2. მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოების მიმართ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კუთხით;
·         ასახელებს მოსმენილი ტექსტიდან ესთეტიკურად ღირებულ ადგილებს;
·         აფასებს გმირის საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას;
·         უკავშირებს პერსონაჟის მოქმედებას პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იხსენებს მსგავს სიტუაციებს;
·         მონაწილეობს მხატვრული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში;
·         მონაწილეობს საბავშვო სპექტაკლის ან ზღაპრის  განხილვაში;
·         გამოხატავს საკუთარ ემოციებს/განცდებს და ცდილობს მათ ახსნას („გამიკვირდა იმიტომ, რომ...“, „აღვშფოთდი იმიტომ, რომ...“).


ქართ. IV. 3. მოსწავლეს შეუძლია მიუსადაგოს სამეტყველო ქცევა დასახულ საკომუნიკაციო ამოცანას.
 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ხმამაღლა კითხულობს კლასის წინაშე სასურველ / შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან და ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
·         იყენებს ინტონაციას სასვენი ნიშნების ფუნქციით;
·         კორექტულად, ეტიკეტის დაცვით გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას;
·         მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.


ქართ. IV. 4. მოსწავლეს  შეუძლია შესაბამისი ენობრივ-გრამატიკულ საშუალებების გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.
 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ყოფითი სიტუაციების აღწერისას სათანადოდ რთავს მეტყველებაში სპეციფიკურ ლექსიკას;
·         მასწავლებლის მიერ მითითებული ნიმუშების მიხედვით შემოქმედებითად იყენებს სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს (სინონიმს, ანტონიმს...);
·         სათანადო კონტექსტებში სწორად ჩაანაცვლებს სახელებს (არსებითს, ზედსართავს, რიცხვითს) ნაცვალსახელებით (ეს, ის, ასეთი, ამდენი...) და მარტივი ზმნიზედებით (აქ, იქ, მაშინ, ამიტომ...);
·         კონტექსტის მიხედვით სწორად იყენებს ზმნის გრამატიკული დროის ფორმებს (მაგ., შარშან დავისვენეთ - გაისად დავისვენებთ და ა. შ.);
·         მეტყველებისას იცავს ბრუნვისა და პირის ნიშნებთან დაკავშირებულ მართლმეტყველების წესებს (მაგ. ვვარჯიშობ, ვუთხარი, თბილისს, ქათამმა, კარგად ვარ და ა. შ.);
·         სწორად უთანხმებს ზმნას არსებით სახელებსა და ნაცვალსახელებს პირისა და რიცხვის მიხედვით;
·         სწორად ათანხმებს მსაზღვრელ-საზღვრულს.


მიმართულება: კითხვა

ქართ. IV. 5. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობი თემების შემცველი სხვადასხვა სახის  არამხატვრული ტექსტების (რეკლამის, საყმაწვილო ჟურნალის განცხადების, საყმაწვილო ენციკლოპედიის სტატიისა და სხვ.)  წაკითხვა და გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ასახელებს მარტივი მიზნობრივი ტექსტების (განცხადების, აბრის, რეკლამის, კულინარიული რეცეპტის, ექიმის რჩევა-დარიგების, წამლის რეცეპტისა და ა.შ.) საკომუნიკაციო სიტუაციას (ავტორს, ადრესატს, მიზანს/დანიშნულებას);
·         მოიძიებს ტექსტში კონკრეტულ ინფორმაციას;
·         ახასიათებს სხვადასხვა სახის ტექსტს სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით (მაგ., ღია ბარათს დასაწყისში აქვს მიმართვის ფორმა, მას მოსდევს ძირითადი ტექსტი, ბოლოს კი არის ხელმოწერა; კულინარიულ რეცეპტი შედგება სათაურისა და ორი ძირითადი ნაწილისაგან: ინგრედიენტთა ჩამონათვალი და დამზადების წესი; დარგობრივ-შემეცნებით ტექსტს აქვს სათაური, ახლავს ილუსტრაციები წარწერებით და აბზაცებად დაყოფილი ტექსტი და ა.შ.);
·         გამოყოფს და ასახელებს ტექსტის მთავარ საკითხებს;
·         აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
·         განსაზღვრავს ტექსტის ერთ მონაკვეთში ან მის სხვადასხვა ნაწილში ასახულ მოვლენებსა და ფაქტებს შორის არსებულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
·         განარჩევს ფაქტს თვალსაზრისაგან;
·         განასხვავებს საგანთა / მოვლენათა გარეგნულ და შინაარსობრივ მახასიათებლებს;
·         აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული ნიშნით (მსგავსება-განსხვავების, მზარდი-კლებადი ხარისხისა და ა.შ. მიხედვით).


ქართ. IV. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თემაზე შექმნილი მხატვრული ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს კონკრეტული ჟანრისათვის (მაგ., იგავ-არაკის, ზღაპრის, მოთხრობის) დამახასიათებელ ნიშნებს;
·         საუბრობს სათაურისა და ტექსტის აზრობრივ/ შინაარსობრივ ურთიერთკავშირზე;
·         ასახელებს სათაურის ალტერნატიულ ვარიანტებს;
·         ასახელებს მოქმედ პირებს;
·         მოიძიებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., მოვლენათა, მოქმედებათა დროსა და ადგილს);
·         დამოუკიდებლად პოულობს ტექსტში სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებსაც ავტორი იყენებს პერსონაჟების, ფაქტებისა და მოვლენების აღსაწერად;
·         ამოიცნობს პერსონაჟთა გრძნობებს, მიზნებს;
·         აკვირდება პერსონაჟთა ქცევას, მოქმედებას, თვისებებს და დაკვირვების საფუძველზე გამოაქვს სათანადო დასკვნა მათი აზრების, განზრახვების, განცდების შესახებ;
·         აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
·         განარჩევს ერთმანეთისგან ფაქტსა და სურვილს/ოცნებას;
·         ამოიცნობს ტექსტში გამოცემულ მოვლენებს, მოქმედებებს შორის არსებულ ლოგიკურ (მიზეზ-შედეგობრივ, ოპოზიციურ, პირობით, დათმობით და სხვა) კავშირებს;
·         განსაზღვრავს ტექსტში გადმოცემულ მოქმედებათა, მოვლენათა ქრონოლოგიას;
·         გამოყოფს სიუჟეტის  განვითარების ეტაპებს (დასაწყისს, ამბის შუა ნაწილს, დასასრულს);
·         საკუთარი სიტყვებით გადმოცემს ტექსტის/მისი  ცალკეული მონაკვეთის მოკლე შინაარსს, გამოყოფს არსებით ინფორმაციას;
·         განავრცობს შეკუმშულად, მოკლედ გადმოცემულ ამბავს;
·         განარჩევს ტექსტში ავტორისა და პერსონაჟების სიტყვებს, დიალოგსა და მონოლოგს;
·         განსაზღვრავს ცალკეული პერსონაჟის ხედვის კუთხეს, გადმოსცემს ნაწარმოებში ასახულ ამბავს ერთ-ერთი პერსონაჟის პირით;
·         აანალიზებს ცალკეულ რეპლიკას - ვის ეკუთვნის, ვინ არის ადრესატი, რა არის რეპლიკის მიზანი (მაგ., რჩევის მიცემა, ინფორმირება, ახსნა, საყვედურის გამოთქმა,  შენიშვნის მიცემა, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და სხვა);
·         აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა;
·         ამოიცნობს ნაწარმოების ძირითად თემას/ქვეთემებს, იდეას.


ქართ. IV. 7. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული და არამხატვრული ტექსტების ძირითადი ენობრივ-გრამატიკულ ნიშნების ამოცნობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს და ასახელებს მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს, რომელთა საშუალებით აბზაცში / ტექსტის ცალკეულ ეპიზოდში / ტექსტში  გადმოცემულია მოვლენათა თანამიმდევრობა (მაგ. ჯერ დახატა, მერე გაუგზავნა მეგობარს; ჯერ წავიდა, შემდეგ იყიდა, ბოლოს კი შეჭამა...);
·         ამოიცნობს და ასახელებს საგნისა (მაგ., წითელი ფანქარი; კარგი ამინდი, მაღალი სახლი) და მოქმედების (ლამაზად წერს) დამახასიათებელ ნიშნებს;
·         ამოიცნობს მარტივი აღწერითი ტექსტის ძირითად ენობრივ მახასიათებლებს, მაგ., შედგენილი შემასმენლის აქტიურად გამოყენებას (ეს კალამია, ის რვეულია, ეს კი ჩემი ჩანთაა), აღსაწერი საგნის / ობიექტის აღმნიშვნელი სიტყვის ჩანაცვლებას ნაცვალსახელით ან ზმნიზედით (თბილისი საქართველოს დედაქალაქია; ის დააარსა ვახტანგ გორგასალმა. შარშან თბილისში ვიყავი. იქ  ბევრი ლამაზი სახლი ვნახე) და ა.შ.; 
·         ამოიცნობს და ასახელებს ძირითად სინტაქსურ მიმართებებს, მაგ., შეთანხმებას სახელებს შორის ბრუნვაში (მაგ., ორმა მეგობარმა, ლამაზი სახლი); 
·         ამოიცნობს და ასახელებს ქონა-ყოლის აღმნიშვნელ ზმნებს, ამჩნევს მათი წარმოების თავისებურებებს (დედა მყავს, რვეული მაქვს).


ქართ. IV. 8. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხული ტექსტის (მხატვრულის/არამხატვრულის) მიმართ; ავლენს ესთეტიკური და ეთიკური შეფასების სურვილს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ასახელებს საყვარელ წიგნს, ტექსტს / მხატვრულ ნაწარმოებს, ავტორს, პერსონაჟს და ხსნის თავის არჩევანს;
·         განმარტავს, რით არის კონკრეტული ტექსტი მისთვის საინტერესო;
·         მიუთითებს, რით დაინტერესდა / რა მოეწონა ტექსტში (ინფორმაცია, ამბავი, პერსონაჟის საქციელი, ბუნების აღწერა, დიალოგები თუ სხვა);
·         მონაწილეობს წაკითხულის შესახებ გამართულ დისკუსიებში; საკუთარი შეხედულების დასასაბუთებლად იყენებს შესაბამის ადგილებს წაკითხული ტექსტიდან ან მაგალითებს პირადი გამოცდილებიდან.


ქარ. IV. 9.  მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის  მიზნობრივი ტექსტების  სათანადოდ გაფორმება და ტექსტის არავებალური ნაწილების ამოცნობა; ავლენს ტექსტის არავერბალური ინტერპრეტაციის უნარ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სათანადოდ აფორმებს მცირე ზომის მიზნობრივ ტექსტებს (სხვადასხვა ხასიათის აბრებს საშუალო სკოლის, საბავშვო ბაღის, სპორტული მოედნისთვის, ზღაპრის ან საბავშვო სპექტაკლის თემაზე შექმნილ პლაკატს და სხვ.);
·         ადეკვატურად იყენებს საბავშვო წიგნში გამოყენებულ პირობით ნიშნებს (ლოგოს, რუბრიკას, სქემას), ილუსტრაციებს, დამხმარე ცხრილებსა და მარტივ დიაგრამებს;
·         ამოიცნობს საბავშვო, შემეცნებით (შემეცნებით-გასართობ), მუსიკალურ, სპორტულ და საინფორმაციო გადაცემებს სპეციფიკური ნიშნების (მუსიკალური ქუდის, ლოგოს, დასაწყისისა და ა.შ.) მიხედვით;
·         მონაწილეობს საბავშვო სპექტაკლის გაფორმებაში: დამოუკიდებლად ან სხვისი დახმარებით ქმნის მასწავლებლის მითითებით ან საკუთარი სურვილით შერჩეული როლისათვის შესაფერისი კოსტუმის, ნიღბისა და ა.შ. ესკიზებს;
·         შეარჩევს (თვითონ ხატავს ან მოიძიებს) როლის შესაბამის ვიზუალურ მასალას;
·         ამზადებს და წარმოადგენს მასწავლებლის მითითებით ან საკუთარი სურვილით შერჩეულ როლს;
·         როლის (მოლაპარაკე ცხოველების, უსულო საგნების) განსასახიერებლად ადეკვატურად იყენებს დამხმარე საშუალებებს (ჟესტს, მიმიკას, დამახასიათებელ მოძრაობას, გარკვეულ არტიკულაციას; მოხერხებულობის, ტყუილის თუ სხვა თვისებებისა და გრძნობების გამომხატველ მინიშნებებს);
·         თანაკლასელების ჯგუფთან ერთად განასახიერებს წაკითხული ტექსტის ცალკეული ეპიზოდის / ეპიზოდების მიმიკურ მიზანსცენებს (მეორე ჯგუფი კი ცდილობს ამოიცნოს, კონკრეტულად რომელი ეპიზოდი იყო წარმოდგენილი).


ქართ. IV. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ცდილობს ამოიცნოს უცნობი სიტყვების / გამოთქმების მნიშვნელობა ნაცნობი ელემენტების (ილუსტრაციების, ნაცნობი ფუძის, კონტექსტისა და სხვ.) დახმარებით;
·         ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით სვამს კითხვებს წაკითხულთან დაკავშირებით;
·         ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
·         ასახელებს ტექსტის თავებად და მონაკვეთებად დაყოფის აზრობრივ საფუძველს;
·         აკვირდება კითხვებზე გაცემულ პასუხებს და განარჩევს, რომელ  ოპერაციას მიმართა მკითხველმა შემდეგი სამიდან: ა) პასუხი პირდაპირ იყო  ტექსტში მოცემული; ბ) პასუხის გასაცემად საჭირო იყო რამდენიმე სახის ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება; გ) პასუხი არ იყო ტექსტში; მკითხველი  დაეყრდნო  ტექსტში მოცემულ ინფორმაციას, დაუკავშირა იგი საკუთარ ცოდნას და ამის საფუძველზე გამოიტანა დასკვნა;
·         დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ აზუსტებს, რამდენად დარწმუნებულია პასუხის სისწორეში (დარწმუნებული ვარ, თითქმის დარწმუნებული ვარ, არა ვარ დარწმუნებული);
·         უბრუნდება ტექსტის შესაბამის/სათანადო მონაკვეთს იმ საკითხების დასაზუსტებლად, რაშიც არ არის დარწმუნებული;
·         იცის და ასახელებს სხვადასხვა  ხერხს, რომლებიც ტექსტის გაგებას   უწყობს ხელს (ტექსტში გადმოცემულ ამბების წარმოსახვაში გაცოცხლება, ტექსტში გადმოცემული ამბის ინსცენირება, ტექსტის ცალკეული მონაკვეთის  საკუთარი სიტყვებით გადმოცემა და სხვ.);
·         აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ;
·         სარგებლობს საბავშვო ბიბლიოთეკის ანბანური და თემატური კატალოგებით;
·         სწორად იგებს და იყენებს ბიბლიოთეკის კატალოგებსა და ბარათებზე მოთავსებულ ინფორმაციას (ავტორი, სათაური, გვერდების რაოდენობა);
·         ამოიცნობს და ბიბლიოთეკაში სწორად მოიძიებს ძირითად საბავშვო სერიულ გამოცემებს (მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებს, საბავშვო ლიტერატურის ბიბლიოთეკას, ქართულ ხალხურ ზღაპრებს, საბავშვო ენციკლოპედიებს და ა. შ.).


მიმართულება: წერა

ქართ. IV. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ტექსტის შეთხზვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ცხოვრებისეული შთაბეჭდილებების საფუძველზე წერს მცირე ზომის ტექსტს;
·         შესაფერისი ლექსიკის გამოყენებით ადგენს მარტივ დარგობრივ ტექსტებს (კლიმატური პირობების აღწერას, გეოგრაფიული გარემოს აღწერას, მათემატიკურ ამოცანას);
·         ჩამოწერს შეკითხვებს მწერალთან წარმოსახვითი ინტერვიუსათვის;
·         სწერს წერილებს რეალურ და წარმოსახვით ადრესატს (მეგობარს, ნაწარმოების ავტორს, პერსონაჟს და სხვ.). 


ქართ. IV. 12. მოსწავლეს შეუძლია შესწავლილი ტექსტის შინაარსის დაწერა; ავლენს თვითგამოხატვის სურვილ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იცავს შინაარსობრივ თანამიმდევრობას;
·         ნაწარმოების შინაარსის გადმოცემისას შემოქმედებითად იყენებს ავტორისეულ ლექსიკასა და მხატვრულ სახეებს;
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟის მიმართ სხვადასხვა ფორმით (მაგ., მოკლე დახასიათების, გმირის საქციელზე გაკეთებული კომენტარის სახით და ა.შ.);
·         ქმნის ნაწარმოების განსხვავებული დასასრულის წერილობით ვერსიას.


ქართ. IV. 13. მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული და ორთოგრაფიული თვალსაზრისით სწორი ფორმების გამოყენება წინადადების აგებისას და პუნქტუაციის ძირითადი  წესების დაცვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აკვირდება სიტყვათა ლექსიკურ მნიშვნელობას და კონტექსტის გათვალისწინებით შეურჩევს მათ ადგილს;
·         ავლენს სახელის ფორმაცვალების წესების ცოდნას (მაგ., სწორად არჩევს სახელის ბრუნვის ფორმებს ზმნის სინტაქსური კონსტრუქციების მიხედვით) და სათანადოდ იყენებს მას;
·         მართებულად ხმარობს სიტყვებს: თითოეული, ყველა, ზოგი (ზოგიერთი), რამდენიმე და სწორად უთანხმებს რიცხვში ზმნებს;
·         სათანადოდ იყენებს ნაცნობი გრამატიკული ფორმების მართლწერის წესებს წინადადების/ფრაზის აგებისას;
·         მართებულად იყენებს სასვენ ნიშნებს (წერტილს, კითხვისა და ძახილის ნიშნებს, ბრჭყალებს, ორწერტილს, მრავალწერტილს...).


ქართ. IV. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის საწყისი სტრატეგიების გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         შეადგენს წერითი დავალების მოკლე გეგმას;
·         წერის დაწყებამდე განსაზღვრავს ტექსტის დანიშნულებას და ადრესატს მიზნობრივი ტექსტებისთვის;
·         უბრუნდება ნაწერს კორექტირებისთვის, ასწორებს მარტივი ტიპის შეცდომებს (ჩაამატებს, ამოშლის ან გადასვამს ტექსტში ასოს, სიტყვას, ფრაზას/წინადადებას);
·         ამჩნევს და ასწორებს საკუთარ შეცდომებს (მაგ., სუბიექტსა და ზმნას შორის შეუთანხმებლობას, მსაზღვრელ-საზღვრულს შორის შეუთანხმებლობას, ორთოგრაფიული ხასიათის შეცდომებს და სხვ.);
·         ხმამაღლა კითხულობს საკუთარ ნაწერს, ცვლის ტექსტის ამა თუ იმ მონაკვეთს ესთეტიკური თვალსაზრისით უკეთესი ვარიანტით.



No comments:

Post a Comment